“ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს” – ეუთო-ს მინისტერიალი | 30.11.2023

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ წარმოწყებული ომების პროვოცირებაში უკრაინა, საქართველო და ვაშინგტონი დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ახსენა. სერგეი ლავროვმა NATO და ევროკავშირი “ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილების დანგრევაში” დაადანაშაულა. სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ, NATO-მ თბილისი და კიევი რუსეთის წინააღმდეგ დაგეშა. ამასთან, სერგეი ლავროვმა 2008 წლის ომს აშშ-ის მიერ პროვოცირებული უწოდა. სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „უფსკრულის პირასაა“. ლავროვის გამოსვლის დროს რამდენიმე დელეგაციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალზე საქართველოსა და ურკაინის მხარდამჭერი განცხადებები ისმოდა. სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში, მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. რომელმაც რუსულ ოკუპაციასა და თამაზ გინტურის მკვლელობაზე ისაუბრა.

მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს -ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, ეუთოს მინისტერიალს მასპინძლობს, როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე. სხდომაზე პირველი სიტყვით მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.

რუსეთსა და უკრაინას შორს მიმდინარე ომის განმავლობაში, ეუთო არის დემოკრატიის და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი იშვიათი ფორუმი, რომელზეც რუსეთის და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ერთ მაგიდას უსხედან.

ჰამასთან ომის მიუხედავად ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

ეუთო-ს მინისტერიალის დაწყებამდე სკოპიეში პრესკონფერენცია გაიმართა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას განიხილავს კარგ შესაძლებლობად, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.

ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ქალაქი სკოპიე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. როგორც ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, ქვეყნის დატოვებამდე იგი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვდა. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის წინ გამართულ სამუშაო ვახშამშიც, ამის შემდეგ კი სკოპიე დატოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე, დაგეგმილისგან განსხვავებული მარშრუტით ჩაფრინდა. რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. 28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა, ბულგარეთმა რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც გაირკვა, რომ ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა იმყოფებოდა. ბულგარეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციებია დაწესებული და არც დელეგაციის სხვა წევრებზე, რომლებიც ბრიუსელს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. საბოლოოდ რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.