„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ერთი ნაწილი კვლავ ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. დღეს, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. დავით ლაგვილავას აინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე საბუთი, რომელიც ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას დაადასტურებს. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხაბეიშვილმა უნდა აიღოს და გადადგეს.
ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს საერთო განცხადება გაავრცელეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა. მიმართვას ხელს 15 მათგანი აწერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა მოქმედ მენეჯმენტს ეკისრება. ისინი ხაბეიშვილის გადადგომას და ახალ ყრილობაზე „თანხმობის საბჭოს“ დამტკიცებას ითხოვენ.
“სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოვებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. “თანხმობის საბჭო” (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 2. “თანხმობის საბჭო” დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით; 3. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება “საბჭოს” დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”, – ენმ-ის თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარეების განცხადება.
ხაბეიშვილის ფლანგის წევრები ნიკა მელიას გუნდის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ. დღეს, გიორგი ბარამიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მელიამ პარტიიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კარი ჯერ კიდევ ღიაა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება მომაბეზრებელია სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდებენ, რადგან გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ამ დრომდე პარტიიდან მის გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ნიკა მელიას.