რატომ მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მაკედონიაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო. ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ იმ ფორუმზე რომელშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა წასულიყო.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოიყენონ.
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ამჟამად ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას სერგეი ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპის დიდი ნაწილის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის დაკეტილია, და რუსულ დელეგაციებს ფრენა შემოვლითი საჰაერო მარშრუტებით უწევთ. ამჯერად რუსებისთვის მარშრუტის შემოკლება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიღო საკუთარ თავზე და განაცხადა, რომ ლავროვის თვითმფრინავს მისი საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვას მისცემს.