მოუწევს თუ არა ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დატოვება. ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება ისევ გრძელდება. დღეს, პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, გიორგი მუმლაძემ ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მისი რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას. მუმლაძის თქმით, ხაბეიშვილის გადადგომის შემდეგ ახალი პოლიტსაბჭო უნდა აირჩეს, რომელშიც ყველა მხარეს თავისი წარმომადგენელი ეყოლება.
ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. საგანგებო განცხადებაში, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები აწერენ, ნათქვამია, რომ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ახალ მენეჯმენტს ეკისრება. ისინი ხაბეიშვილის გადადგომას და ყრილობის მოწვევას ითხოვენ, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ ხობის, ჭიათურის, ამბროლაურის, ქუთაისის და კასპის საკრებულოს წევრებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“. ხობის საკრებულოდან განცხადებას ხელს ფრაქციის 11 წევრიდან 10 აწერს; ჭიათურის შემთხვევაში კი ხაბეიშვილის გადადგომას ფრაქციის სრული შემადგენლობა ითხოვს.
პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნას უკვე უპასუხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ლევან ხაბეიშვილის ფლანგიდან. მათი თქმით, პარტიას ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო და სამდივნო და ახლა ახალი არჩევნების მოთხოვნა არასერიოზული და უსაფუძვლოა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარების შესახებ შეფასებებს არ აკეთებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლიანად ოპოზიციას აზიანებს.