“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. მანიფესტი, რომელიც პარტიის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, ახალი დაპირისპირებისა და პარტიის დაყოფის დოკუმენტად იქცა. “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯომარე, ნიკა მელია პირდაპირ ტელეეთერიდან გარიცხა პარტიიდან. წერილობითი შეკითხვა ლევან ხაბეიშვილს გადაცემის წამყვანებმა გადასცეს და პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელმა, საკუთარი პასუხი ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა. “ფორმულას” ეთერში ხაბეიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი. ხაბეიშივლმა თქვა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა.
სატელევიზიო ეთერში მელიას გარიცხვის შესახებ ფურცელზე ხელმოწერილი გადაწყვეტილება, მეორე დღეს ფეისბუქზე ოფიციალური განცხადებით კიდევ ერთხელ, ამჯერად პარტიის განცხადებით დადასტურდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.
მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა”, – ნაციონალური მოძრაობის განცხადება.
ნიკა მელიას ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა პარტიაში მისმა თანამოაზრეებმა სატელევიზიო ეთერში ლევან ხაბეიშვილის ქმედება სამარცხვინოდ და მდაბიო საქციელად შეაფასეს. მელიას თანამოაზრეები მიიჩნევენ რომ საჭიროა, ჩატარდეს თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები.
23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11- პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტის თანახმად, მასზე ხელმოწერით პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაიონული ორგანიზაციები. ამავე დოკუმენტის თანახმად, პარტია ღიაა დისკუსიებისთვის, რომელიც მიზნად არ ისახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობით ორგანოებზე თავდასხმას. მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს. მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. სააკაშვილი ამბობდა, რომ მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.