ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას ხმაურიანი დებატები მოჰყვა.
ოპოზიცია თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ კანონი დარედაქტირებული ვერსიით მიიღეს, მაშინ გამოდის, რომ ჯარში წასვლა, ფაქტობრივად, გარდაუვალი იქნება.
დეპუტატების პროტესტს იწვევს ასევე რეესტრის შექმნა, რომელსაც თავდაცვის უწყება გამოიყენებს იმისთვის, რომ გაიგოს, რომელი კონფესიის წარმომადგენლები არიან ახალწვეულები.
თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე კომიტეტში მეორე მოსმენით მსჯელობდნენ. ცვლილებები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას ეხება, დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გააცნო. კანონის მიხედვით იქმნება რეესტრი, რომელშიც ახალწვეულებმა უნდა ჩაწერონ, რომელ რელიგიურ კონფესიას წარმოადგენენ. თუ ვინმე პირობებს არ დაეთანხმება და სასამართლოს მიმართავს, ეს გამოსავალი მაინც ვერ იქნება, რადგან საქმის განხილვის პარალელურად, ახალგაზრდას ჯარში მაინც წაიყვანენ.
ცვლილებების თანახმად ასევე სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ, სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ. სიახლე ეხება მათაც, ვინც უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა გამგზავრების ვალდებულება არ აქვს და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. ცვლილებების თანახმად, პირს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.