“დაისაჯონ გინტურის მკვლელები” – ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს შეეხება. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში დღეს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა. რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი, მხარი 495-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა. 7-მა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
დოკუმენტი 5-პუნქტიანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროდეპუტატები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები ასევე მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ევროპული ანალოგი და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
რეზოლუციას კენჭი დღეს ეყარა, თუმცა დებატები ამ საკითხზე ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომის ბოლოს, გვიან საღამოს გაიმართა.
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 2018 წელსაც მიიღო. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებთ მომზადდა.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევავან დოთიაშვილი გატაცებიდან მეოთხე დღეს 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.