წაუყენებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ბრალს დავით გარეჯის საქმეზე. დღეს ამ საქმეზე სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხა, რომელმაც ორსაათიან ჩვენებაში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
ზურაბ ნოღაიდელმა , რომელიც 2005-2007 წლებში პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო, გაიხსენა, როგორ მოხდა 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დავით გარეჯის საკითხის განხილვა. ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მალხაზ მიქელაძე, რომელიც იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე, ამტკიცებდა, რომ გარეჯის ის მონაკვეთ, რომელზეც დავა მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მხარეს არის.
როგორც ნოღაიდელმა თქვა, იყო კატეგორიული მტკიცება, რომ ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, მათ შორის ჩიჩხიტურის მონასტერი, აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.
ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ იმ პერიოდში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოზე საკითხები სააკაშვილის გარეშე არ მიიღებოდა.
ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას არაგულწრფელი იყო, რიგ შემთხვევაში კი, ის ცრუობდა.
საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად, სასაზღვრო ზოლის საკითხები საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია და უფლებამოსილება იყო. მისივე თქმით, ჯერ კიდევ, 1999 წელს არსებობდა თავად ბრალდებულ ივერი მელაშვილის მიერვე შექმნილი და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც კომისიამ საზღვრის დადგენისას არ იხელმძღვანელა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ედებათ. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.