კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს | 21.11.2023

მსახიობ კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გიორგი გველესიანს მოსამართლემ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალთან დაკავშირებით დღეს არაფერი უთქვამს, ის მთელი პროცესის განმავლობაში დუმდა.

სხდომის დაწყებისთანავე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა, რის გამოც, პროცესი დროებით შეჩერდა. ბრალდებულმა ამ მოთხოვნის მიზეზი არ დაასახელა. გიორგი გველესიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ადვოკატი თავისიანი ეგონა, რეალურად, კი მტერი აღმოჩნდა.

ბრალდებულის განცხადების შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის მიზეზი მისთვის უცნობია. მან მოსამართლეს დაკავებულის მოთხოვნის დაკმაყოფილება სთხოვა.

პროცესის დროებით გადადების შემდეგ, პროკურორმა ნანა ხუნჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, თუმცა ბრალდების წარდგენა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მოხდა. მისი თქმით, გველესიანს ახალი ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნება.

24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში, კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო სანიკიძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა კვირას მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და მსახიობს ცივი იარაღით, დედის თვალწინ, 5 ჭრილობა მიაყენა.