მიხეილ სააკაშვილი თავის თავზე იღებს, უხელმძღვანელოს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს | 20.11.2023

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე იღებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ეს განცხადება თბილისის საქალაქო საამართალოში კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვის დროს გააკეთა. სააკაშვილი ამბობს, რომ შეეცდება დააბრუნოს ყველა ის წევრი პოლიტსაბჭოში, რომლებიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, გაირიცხა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დასახელება ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა სააკაშვილი პარტიაში არაფორმალურ მმართველობას არ ადასტურებს. სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა გამონახონ საერთო ენა და სწრაფი ნაბიჯებით იარონ წინ.

ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და ძველ კადრებს თანამდებობის დატოვება მოუწიათ. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ღიად ლაპარაკობს “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, მელიას ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია. სავარაუდოდ მას გადაწყვეტილების მიღება მალევე მოუწევს. 23 ნოემბერს გამოქვეყნდება ერთიანობის მანიფესტი, რომლის შექმნა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. სააკაშვილმა თქვა რომ თუ ვინმე არ მოისურვებს ხელის მოწერას, ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ. მოაწერს თუ არა ნიკა მელია ხელს ამ მანიფესტს, უცნობია თუ მელია და მისი გუნდი მანიფესტს ხელს არ მოაწერენ, ისინი პარტიიდან ავტომატურად გაირიცხებიან.