ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის- სალომე ზურაბიშვილი Le Monde-სთან | 17.11.2023

ფრანგულ გამოცემა Le Monde-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს, რომლისთვისაც რუსეთის ომში დამარცხება წარმოუდგენელია. სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ “დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის,” ჟურნალისტის კითხვაზე – “როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“ და მიიჩნევს თუ არა ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად”, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე “დომინანტური გავლენა” აქვს. Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან თითქმის სამი წელია, კომუნიკაცია არ ჰქონია.

“არ ვიცი მისი რეალური წონა ქვეყნის ეკონომიკაში, ეს არ არის გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. „დეოლიგარქიზაციაზე“ პასუხი, მჯერა, მომავალ არჩევნებშია. 30 წელი ჩვენ ერთპარტიული სისტემა გვქონდა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები – ჭეშმარიტი კოალიციით, პროევროპული ფრონტით. ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს”, – სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, პრემიერის მსგავსად ფიქრობს თუ არა რომ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი მნიშვნელოვანი იყო, ამაზე პრეზიდენტი ამბობს, რომ „შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის როლზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი.

სალომე ზურაბიშვილი Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკომისიის დადებით დასკვნა ხელისუფლებას აიძულებს, რომ პროევროპული დისკურსი გაშალოს, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. პრეზიდენტის შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაციას გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ქმედებებზე.

რაც შეეხება საკითხს, აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლებაზე ზემოქმდების ბერკეტები ახალი ცხრა პირობის შესრულების მიზნით, პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი ბერკეტი აქვს მასზე ზეწოლის, ვიდრე პირიქით. ზურაბიშვილის თქმით, თავის პოზიციას კანონპროექტებზე ვეტოს დადებით აფიქსირებს, როდესაც თვლის, რომ “კანონი ევროპულ სულისკვეთებასა თუ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება”.