„ოცნების“ დეპუტატის ირმა ზავრადაშვლის დამალული უძრავი ქონება და მეუღლის ბინესწილი | 17.11.2023

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირმა ზავრადაშვილს უძრავი ქონების, ხელფასის და მეუღლის ბიზნესწილის დამალვაში ამხელს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზავრადაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში, მეუღლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ „ოცნების“ დეპუტატის დეკლარაციაში სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა, რის გამოც, ორგანიზაცია მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ირმა ზავრადაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

“დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ). ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში (135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით) და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 123.20 კვ.მ. ბინა. დარღვევა II: ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება (ხელფასი). საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 წელს წარდგენილ დეკლარაციაში გაასაჯაროვა. დარღვევა III: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს მშენებელი-96. საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა (წილის მართვა). კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა”, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ბრალდებების ადრესატმა, ირმა ზავრადაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ უარყო. „ოცნების“ დეპუტატმა თავის გამართლება იმ არგუმენტით სცადა, რომ დეკლარაციაში მისი ქონების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზის გამო არ ჩანდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ დეკლარაციის არასრულყოფილად შევსების გამო, ზავრადაშვილს თითოეულ დარღვევაზე მინიმუმ ჯარიმა უნდა დაეკისროს. იმ შემთხვევაში კი, თუ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთება, მაშინ ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.