მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრი დაარსდება. მშენებლობის პროექტი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს დაამტკიცეს. ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. სხდომას მთავრობის წევრების ნაწილი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციამ 2022 წლის 19 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს იორდანიაში 4000 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ილია მეორის ინიციატივით, ქართული კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს. ღარიბაშვილი მიწის ნაკვეთის მოსანახულებლად იორდანიას 28-29 მაისს ესტუმრა და მეფე აბდალა II-ს შეხვდა. 29 მაისს გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა მეფე აბდალას უთხრა, რომ საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.