საკანონმდებლო ორგანში რატი ბრეგაძის მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა. პლენარულ ხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აღწერდა.
როდის გადაიყვანენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედიდან პენიტენციურ დაწესებულებაში?! – სახელისუფლებო პარტიის დეპუტატების უმრავლესობას სწორედ ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებდათ მინისტრისგან. ბრეგაძემ ოცნების დეპუტატების ამ კითხვების საპასუხოდ, თქვა რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღებს.
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, ნაწილი კი მასთან ვიზიტების აღდგენას. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სამომავლო დეესკალაციისთვის სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებლობად მიაჩნიათ. მინისტრმა კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშივლის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილება.
მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატების ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ მოახლოებული არჩევნებისთვის ძველი პირადობების მქონე მოქალაქეების რაოდენობა შემცირდეს.
იუსტიციის მინისტრი სანამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა თითქმის ერთი საათის განმავლობაში მინისტრის საათის ფორმატში სამინისტროს მიღწევებსა და წარმატებებზე საუბრობდა.