„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე – საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (პირველი არჩევანი) პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 25%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; “საქართველოსთვის” – 4%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%; “გირჩი” – 3%; “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” – 2%; “ლელო” – 2%; “ლეიბორისტული პარტია” 2%; “მოქალაქეები” – 2%; “ხალხისთვის” – 2%; “ხალხის ძალა” – 1%; “პატრიოტთა ალიანსი” – 1%; “ალტ-ინფო” – 1%; “ევროპული საქართველო” – 1%. გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, 5% კი პასუხზე უარს ამბობს.
IRI-მ გამოიკვლია პარტიების ნეგატიური რეიტინგიც. კითხვაზე – რომელ პარტიებს არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში? 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, 29% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% „გირჩი – მეტი თავისუფლება და დროას ერთობას“, 16% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა „გირჩს“, 13% – „ევროპულ საქართველოს“; 12% – „ალტ-ინფოს“; 11% – „ლეიბორისტულ პარტიას“; 10% – „ლელოს“; 9% – „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „პატრიოტთა ალიანსს“; 8% კი ამბობს, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა გიორგი გახარიას პარტიას. გამოკითხულ მოქალაქეებს ნეგატიური არჩევანის დაფიქსირება 3-მდე პოლიტიკური პარტიისთვის შეეძლოთ.
ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხული მოქალაქეების 54%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 39% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება; 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. 73% ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს სრულად უჭერს, გარკვეულად უჭერს მხარს – 13 %; გარკვეულ წილად ეწინააღმდეგება – 3%; კატეგორიულად ეწინააღმდეგება – 6%. 5%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
შეკითხვაზე – ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის 77% რუსეთს ასახელებს; 12 თურქეთს, 9 აშშ-ს; 6 ირანს; 4 ჩინეთს; 4 სომხეთს; 4 აზერბაიჯანს; 3 უკრაინას; 2 ევროკავშირს, 1 ისრაელს, 1 გაერთიანებულ სამეფოს; არცერთს 3% ასახელებს; არ იცის ან უარი პასუხზე 9%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.