ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ელჩებს შეხვდა | 14.11.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა. შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და დიპლომატიურ კორპუსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერშიკანდიდატის სტატუსს მიიღებს. პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან. ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.