„ქართული ოცნების“ წევრები სალომე ზურაბიშვილს ფრანგულ მედიასთან გაკეთებული განცხადების გამო უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებენ. საუბარია LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვაზე – იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? უპასუხა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, თუმცა ეს არარეალისტურია. ამ განცხადების გამო ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი, ამჯერად, საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი განცხადება იყო სამარცხვინო და ამის გამო მთავრობას ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
„ოცნების“ პოლიტიკური თავდასხმის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ადმინისტრაციის უფროსი ორბელიანების სასახლეში დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. სადაც გაკეთდა განმარტება, რომ სალომე ზურაბიშვილის პასუხი ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შეეხებოდა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები”, – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ LCI-თან გაკეთებული განცხადების გამო, გუშინ, ჩინეთის ელჩს ბოდიში მოუხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ჭოუ ციენთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან. ასევე, არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.