დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის განცხადებით მიმართა | 14.11.2023

დეპუტატი დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს. სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა, რომლის განხილვაც 16 ნოემბრის საპროცედურო საკითხთა სხდომაზე მოხდება, შემდეგ კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა ერთხელ უკვე უჭირა კენჭი, მიზეზად სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა, თუმცა უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება “ჩააგდო” და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო იმ პარლამენტართა შორის იყო, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერისგან. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.