საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი ერთპარტიული მმართველობის სისტემიდან დემოკრატიისათვის დამახასიათებელ კოალიციურ მმართველობაზე გადავიდეს . ამის შესახებ ზურაბიშვილმა რადიო „,,ფრანს ინტერნასიონალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს საქართველო დეკემბერში მიიღებს, მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციის მოტივაციას მისცემს.
“წინასაარჩევნო ფაზაში ვართ, 2024 წელი იქნება დიდი საარჩევნო წელი, არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში. სტატუსი, რომელსაც იმედია დეკემბერში მივიღებთ, მოტივაციას მისცემს მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ აიღონ ჩემოდნები და ემიგრაციაში წავიდნენ, რაც მსგავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმედგაცრუების რისკია, რადგან ფიქრობენ, რომ არაფრის იმედი აღარაა. ახლა იმედი დაბრუნდა, ჩვენ მოვემზადებით და საჭიროა, რომ ევროპამ ახლოდან ადევნოს თვალყური დამკვირვებლებით, განსაკუთრებული ყურადღებით და ჩართულობით, მათ შორის ეკონომიკური, რადგან ყველამ იგრძნოს, რომ არ ვართ მარტო ამ საარჩევნო წელს და მე ვამჩნევ და მსიამოვნებს, რომ ამ ბოლო დღეებსა და კვირებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში ხელისუფლების, მთავრობის ენა შეიცვალა, იმედი მაქვს ეს ისტორიული მომენტი განმტკიცდება… ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაზე მკაფიო ცვლილებაა, რაც აქამდე ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ის გაგრძელდება დეკემბრამდე, გადაწყვეტილების მიღებამდე. ხელისუფლება შეეცდება აჩვენოს და ეს ძალიან კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს წინსვლა ევროპისკენ მათი მოპოვებულია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იგრძნოს, რომ წინ მივდივართ და რომ მას ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება, იყოს მობილიზებული მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს პოლონური მოდელი, რომელიც ძალიან საინტერესოა…” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ერთპარტიული სისტემიდან არ გამოსულა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია.