პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება | 10.11.2023

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება. ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან. “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები “ძვირად უჯდება ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს” და “თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს”. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას. თუმცა, ევროკავშირის ელჩი სინანულს გამოთქვამს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.