„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში „ნდობის უფლებამოსილების საბჭო“ შეიქმნას, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღები ერთადერთი ორგანო იქნება. მელია ამ მიზნით სოციალურ ქსელში ხელმოწერებს აგროვებს. მისი თქმით, ამ გზით პარტიაში არაფორმალური მმართველობის პრობლემა აღმოიფხვრება და 2024 წლის არჩვენებშიც სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება. ნიკა მელია გავრცელებულ განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მენეჯმენტსაც აკრიტიკებს და წერს, რომ მათ პარტია ორად გახლიჩეს.
“2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. მორალურ, ღირებულებით და პოლიტიკურ კრიზისში მყოფი პარტია დღეს უძლურია, უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგომ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. პარტიაში ჩვენ მართლაც გვჭირდება ერთობა… ერთობა ღირებულებების, პოლიტიკური იდეალებისა და ეროვნული მიზნის გარშემო, რომელიც უნდა გახდეს ოპოზიციური ბრძოლის გაძლიერებისა და ამ ქვეყანაში ცვლილების საფუძველი და წინაპირობა. სწორედ ამას უნდა ემყარებოდეს პარტიის ერთობის ნებისმიერი მანიფესტი თუ დეკლარაცია. ერთობა და ნდობის აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ამ პროცესის პოზიტიური გადატვირთვის და განახლების შედეგად. გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ამ საბჭოში პარტიაში არსებულ ინტერესთა ყველა ჯგუფს უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლობა; ნდობის საბჭო ასევე უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო, რომელიც აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას. მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი”, – ნიკა მელიას განცხადება.
ნიკა მელიას ინიციატივას უკვე უპასუხეს ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრებმა. თინა ბოკუჩავამ და გიორგი ბოტკოველმა დღეს თქვეს, რომ მათთვის გაუგებარია რა კონტრშეთავაზებას უკეთებს მელია ივანიშვილის და პუტინის ტყვეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. ხაბეიშვილის გუნდის წევრები ყოფილი თავმჯდომარის ინიციატივას არ ეთანხმებიან.
ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა სააკაშვილის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, „ვარდების რევოლუციის“ მეოცე წლისთავამდე უნდა შეიქმნას მანისფესტი, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებს და პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს. სააკაშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.