შალვა პაპუაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა | 09.11.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნატო-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და შემდგომ ნაბიჯებს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატო-ს მაღალი დონის ხელმძღვანელების ვიზიტები. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა როგორც პოლიტიკური ვითარება საქართველოში, ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რეგიონული უსაფრთხოების არსებული გამოწვევების ფონზე. თავის მხრივ, ადმირალმა ბაუერმა ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც თვალში საცემია საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და საქართველოს სამხედრო მზადყოფნისა და მდგრადობის თვალსაზრისით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ირაკლი ბერაია და ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე, ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.