საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. სავარაუდო მკვლელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ რუსი ოკუპანტების მეირ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა გაავრცელა. გივი გინტური წყაროზე დაყრდნობით ასახელებს ორ გვარს, ესენი არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.
მოკლულის ოჯახის წევრი ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ედუარდ კოკოითი ცდილობს, დამნაშავეები დაიცვას.
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში ჯგუფურად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობის გავრცელებას აპროტესტებს. ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი “პროვოკატორებს” ხელშია.
კირბალელმა კაცმა, თამაზ პაპიტაშვილმა, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა, მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. პაპიტაშვილმა ჟურნალისტებთან გაიხსენა თუ რა ხდებოდა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. პაპიტაშვილი აცხადებს, რომ ლომისის ტაძართან მკვლელობის დღეს სამნი იმყოფებოდნენ: ის, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.
როგორც გაირკვა, პაპიტაშვილმა ტერიტორია ოკუპანტების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. პაპიტაშვილს ადგილზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ დაუნახავს და სოფელში ჩამოსვლის შემდეგ, 3 გასროლის ხმა გაიგო. პაპიტაშვილის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოსურ მედიაში გავრცელდა გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ვიდეო.
ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანილია მოკლული თამაზ გინტურის მანქანა. ავტომობილს აქვს ტყვიებისა და სისხლის კვალი.
საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.