სალომე ზურაბიშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ სივრცეში ყოფნა საფრანგეთში, მშვიდობის ფორუმზე მოუწევს | 09.11.2023

სალომე ზურაბიშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ სივრცეში ყოფნა საფრანგეთში, მშვიდობის ფორუმზე მოუწევს. სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც მთავრობის ნებართვის გარეშე. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად შარლ მიშელმა მიიწვია. საფრანგეთში ვიზიტის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ, 8 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იგივე ფორუმზე დასასწრებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გუშინ, 8 ნოემბერს, გაემგზავრა. მთავრბის ადმინისტრაციის ინფორმაციით ის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიწვია. ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში – “მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის შემთხვევის გათვალისწინებით” მიიღებს მონაწილეობას სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად.

სალომე ზურაბიშვილი კი სხვა პანელზე, ისაუბრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად. თემა “კრიზისები და კონფლიქტები” იქნება. წარუმატებელი იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ეს ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

მშვიდობის ფორუმი 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეებს შორის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები არიან.