ვისი დამსახურებაა ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება -მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს | 09.11.2023

ვისი დამსახურებაა ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება და მიიღებს თუ არა საქართველო დეკემბერში, ოფიციალურად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს შესახებ დადებითი რეკომენდაციის გაცემა ქართველი ხალხის გამარჯვება და ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია. ხელისუფლება კი ამ პროცესში მხოლოდ ხელშემშლელი ფაქტორი იყო. „ქართული ოცნების“ ოპონენტებს არგუმენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის გუშინდელი განცხადება მოჰყავთ და ამბობენ, რომ გზავნილი ევროპიდან იყო მკაფიო – „ოპოზიცია – ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ! ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს!“.

„ქართული ოცნების“ წევრები, ტრადიციულად, ოპოზიციას აკრიტიკებენ და მათ სტატუსის საბოტირებაში ადანაშაულებენ. დღეს, „ოცნების“ წევრები ამბობდნენ, რომ ოპოზიციამ ამ მიზნით ფინანსური რესურსებიც კი დახარჯა, თუმცა მაინც არაფერი გამოუვიდათ. სახელისუფლებო პარტიაში ისევ იმეორებენ, რომ ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება მათ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. მიიღებს თუ არა საქართველო ოფიციალურად სტატუსს დეკემბერში გაირკვევა, როცა ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტას 27-ვე წევრი ქვეყნის, ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.