პროკურატურამ ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს“ წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები რეკლამებით მიიზიდა და ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.