გამოხმაურებებო ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი | 09.11.2023

ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ქართველ ხალხს უკრაინის პრეზიდენტი ულოცავს. ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას, მან მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომიის გადაწყვეტილება მიულოცა. ზელენსკი, ასევე, წერს, რომ ზურაბიშვილთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილა და თქვა, რომ მას უნდა ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე.

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მოგვილოცა. მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკომისიის მიერ. მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე,” – ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება.

ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას ქართველ ხალხს ულოცავს დავით არახამიაც. უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ურყევი ნების და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის შედეგია.