საოკუპაციო რეჟიმის მისამართით მოთხოვნა უცვლელია – ქართული მხარე იმ დამნაშავის გადმოცემას ითხოვს რომელმაც საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლა. გარდა ამისა თბილისი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ლევან დოთიაშვილი, 6 ნოემბერს თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური აცხადებს, რომ მისი ძმა 2008 წლის ომის მონაწილე იყო და მას ოკუპანტები ეძებდნენ. თამაზ გინტურს შაბათს დაკრძალავენ.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მანქანა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას, რის გამოც ქართველი სამართალდამცავები მის დათვალიერებას ჯერ ვერ ახერხებენ.
ოსურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსების მიერ აჭედილ ლომისას ტაძარში შესვლას ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური და მათ მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი. ვიდეოკადრები, სავარაუდოდ, თამაზ გინტურის ტელეფონითაა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ოკუპანტების მიერ აჭედილ ლომისას ტაძრის კარის შემტვრევას საბოლოოდ ლევან დოთიაშვილი ახერხებს. თუმცა ვიდეოში ვერ ვხედავთ ადგილზე ოკუპანტების გამოჩენას.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.