ევროკომისია საქართველოს შესახებ პირველად ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს. 8 ნოემბერს გაირკვევა, როგორ აფასებს ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საღამოს 20:00 საათზე, ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომელთა მთავარი გზავნილიც იქნება საქართველოს მომავალი ევროპაა და არა – რუსეთი. მოქალაქეებს შეკრებისკენ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ხვალ დაგეგმილი ჰქონდა კონცერტიც, თუმცა ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო ის გაუქმდა. პრეზიდენტის თქმით, ხვალიდან დაიწყება დიდი კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ხელმოწერები, მიზანი კი ევროპისთვის საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანის დადასტურება იქნება.
ევროკომისიის პირველადი ანგარიში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, გავლენას მოახდენს ევროკავშირის მიერ დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებაზე, როცა უნდა გაირკვეს მისცემენ თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. რა წერია დოკუმენტში და როგორ არის შეფასებული საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი ჯერჯერობით უცნობია.