ივანიშვილის გიგანტური ბაობაბების გამო ქვიშიან სანაპირო ზოლს ჭრიან და ბეტონის ფილებს აგებენ | 03.11.2023

შეკვეთილში კაპროვანის სანაპიროზე, ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების ნაწილი ფოთის პორტის გავლით ჩაიტანეს. აფრიკული ხეების ბოლო გაჩერება გურიაში ივანიშვილის რეზიდენციაა. კენიიდან ჩამოტანილი ხეების ზღვით ტანსპორტირებისთვის ქვიშიან სანაპირო ზოლს ჭრიან და ბეტონის ფილებს აგებენ. გიგანტური ხეების დასაბინავებლად უკვე რამდენიმე დღეა სახელმწიფო სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მათ შორის, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე, მერიისა და საგანგებო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირების გამო მოქალაქეებისთვის შექმნილი პრობლემები დღეს კაპროვანში გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციიდან, თათია ნიკოლაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქი სახელმწიფო რესურსებს პირადი მიზნებისთვის იყენებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ივანიშვილის მორიგი ახირების გამო გზებზე გაჩეხეს ხეები, ჩამოყარეს ელექტროკაბელები და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემები შეუქმნეს.

საქართველოში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ბაობაბების შეძენაზე ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა. ამის შემდეგ კენიის პრეზიდენტმა ბაობაბების გაყიდვის ლიცენზია შეაჩერა და ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა, მაგრამ თებერვალში მთავრობამ მათი ექსპორტი ხელახლა დაუშვა. საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები საქართველოში აფრიკიდან 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, ფოთის პორტის გავლით ჩამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, ჩამოტანილია 12 ბაობაბი.