საქართველოს პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსების გადაწყვეტილების გამო მიმართავს. ისინი რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მტკიცე პოზიციის დაკავებას ითხოვენ.იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, მიმართვის ხელმომწერები დასავლელ პარტნიორებს ერთობლივი განცხადების ფორმით მიმართავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის. დეპუტატები ასევე მოუწოდებენ დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.