200-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად და 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, საქართველოს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სტატუსის მიღება ქართველ ხალხს დაეხმარება, უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში.
“დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს. ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”, – არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა ევროკომისიას.