სამარცხვინო კაცი ხარ! – ხმაური პარლამენტში და წერილი ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს | 02.11.2023

პარლამენტში პლენარული სხდომა დღეს ისევ დაპირისპირებითა და კამათით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული განცხადებებია, რომელიც პარლამენტში ორი დღის წინ გაკეთდა. “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს, ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ბერიას “სამარცხვინო კაცი” უწოდა და მას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ელისაშივლის სიტყვით გამოსვლას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურებმა ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკვე მუშაობენ წერილზე, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს საქართველოში და ირაკლი ბერაიას, რომელიც ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა, პარტნიორებთან კომუნიკაციაში დისკომფორტი შეექმნება.

ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებულ უმძიმეს სექსისტურ განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”. ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ ირაკლი ბერაიას გადადგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, მისი მოადგილის მიმართ გამოყენებული მტრული, შეურაცხმყოფელი და მიზოგინიური შინაარსის გამო; ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი ვერბალური თავდასხმები მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოს ქმნის ქალი პოლიტიკოსებისთვის. მიზანი კი ქალი დეპუტატების გაჩუმება და დასუსტებაა.