სალომე ზურაბიშვილი ისევ რუსეთის თემაზე პარაზიტირებს – კარასინი | 01.11.2023

რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთოშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ CBS NEWS-თან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას „ბოდვას“ უწოდებს. კარასინის თქმით, „ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს”. განცხადებას კარასინი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

“ზურაბიშვილი ისევ რუსეთის თემაზე პარაზიტირებს. ახლა, იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც “მტრის ენაზე საუბრობენ“. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის. მსგავს საჯარო გამონათქვამებს ბოდვის გარდა ვერაფერს უწოდებ. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისშიც ესმით”, – წერს გრიგორი კარასინი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.