“ჩვეულებრივი ბანძქალა ხარ, იმ ქალების ჩამონათვალში ვერ ჯდები, სააკაშვილი რომ ევასებოდა. წადი შე ბანძ, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი!,” – ეს “ქართული ოცნების” დეპუტატის მორიგი უცენზურო გამოსვლაა საქართველოს პარლამენტში. ღუდუშაურის ამ სიტყვების ადრესატი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძეა. ოცნების დეპუტატის გაღიზიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას მოჰყვა, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენას მოითხოვდნენ.
ანი წითლიძის გარდა ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რომელსაც “ღირსებისგან დაცლილი” და “უფარჩაკესი” უწოდა. ღუდუშაურის უცენზურო და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისოს და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩინეთში გამართული ფორუმი – ის თემები იყო, რასაც ასევე ცხარე კამათი მოჰყვა დეპუტატებს შორის. საქართველოს ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართულ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ერთ დარბაზში იმყოფებოდა მისი სიტყვით გამოსვლისას და ბანკეტსაც დაესწრო. ოპონენტები მიიჩენევნენ, რომ მაშინ, როცა ჰააგის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში უდიდესი ცვლილებაა.