პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განახლდა – „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატზე, თეონა აქუბარდიაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ირაკლი ბერაიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.
ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არის სექსისტური, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
ხატია დეკანოიძის მსგავსად, კოლეგები დაიცვა იაგო ხვიჩიამ, მან მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატის მიმართ ბოდიში მოიხადოს.
ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, მორალური პედესტალიდან ნუ ისაუბრებს. საბოლოოდ ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.