ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები საქართველოშია – ხეების ტრანსპორტირება ივანიშვილის რეზიდენციისთვის აფრიკიდან ფოთის პორტის გავლით გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხეების ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ფოთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე გრიგოლეთის მონაკვეთთან გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა, მგზავრებს შემოვლითი გზით უხდებოდათ სარგებლობა.
ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირების გამო ჩახსნილი იყო ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ხეების ტრანსპორტირება უპრობლემოდ რომ მომხდარიყო, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ნიშნებიც მოხსნეს და ხეები გაჩეხეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, სახელმწიფო რესურსი ოლიგარქ ივანიშვილის ახირებებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს.