საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება და “უხამსობის” ცნების რეგულირება ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი არ არის. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. წარმომადგენლობაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს.
სიძულვილის ენის და “უხამსობის” თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადატანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. “ქართული ოცნების” უმრავლესობამ ცვლილება მესამე მოსმენით, 19 ოქტომბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების და უხამსობის შემცველი მასალის გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.