ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც – შოთაძე ფარცხალძეზე | 24.10.2023

აქვს თუ არა გავლენა ამერიკის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს პროკურატურაში – ამ კითხვის საპასუხოდ ახლანდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს 2013 წლიდან საქართველოს პროკურატურასთან შემხებლობა აღარ აქვს. ამის მიუხედავად, შოთაძეს დღეს არ დაუმალავს, რომ „ეფესბეს“ აგენტად გამოცხადებულ ყოფილ გენერალურ პროკურორთან წარსულში საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. განცხადება შოთაძემ პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

შოთაძემ თქვა, რომ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება, თუმცა დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. შოთაძემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეა და მასზე საქართველოს პროკურატურა საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს, გამოძიებას კი სუს-ი აწარმოებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატების ხაზინამ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფარცხალაძე ქართველი რუსი ოლიგარქია, რომელზეც გავლენა რუსეთის უშიშროების სამსახურს აქვს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ეფესბე“ ოთარ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენისთვის იყენებდა.