ღარიბაშვილი ბრიუსელში ფორუმში მიიღებს მონაწილეობას – პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტმა მიიწვია | 24.10.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023″. „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე – ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე – „სატრანსპორტო დერეფნები” – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.