საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას – ირაკლი შოთაძე შოვის ტრაგედიის საქმის გამოძიებაზე | 24.10.2023

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, დაკითხულია ასეულობით მოქალაქე, დანიშნულია ექსპერტიზები და დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის მასალებზე. რომლის დასრულების შემდგომაც, შოთაძის თქმით, საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიცია საქმის მასალების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ეცნობოს თუ რა გააკეთა გამოძიებამ ამ პერიოდის განმავლობაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან, ამ დროის მდგომარეობით, ნაპოვნია 32. 1 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.