„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პარტიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ე.წ ბორდის შექმნის საკითხზე მიმდინარეობს. მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ არ იქნება იქ, სადაც არის ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. მისი თქმით, მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს ერთადერთი პირობა და ეს არის პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება.
“ჟურნალისტები პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე მეკითხებიან, რაზეც, მინდა, ჩემი პასუხი საჯაროდ ვთქვა. არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. სადაც არსებობენ ეს ადამიანები, საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები არსებობს. სადაც პროცესზე მათი გავლენა, დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები არსებობს, გამარჯვება ვერასდროს მოვა. ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორს, დავით კეზერაშვილს აკითხავს. ერთიანობა ძალაა, თუ ერთობა სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს. მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. ხოლო თუ ერთობა ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება. არაფერი მესაქმება არსად, სადაც მთავარი ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა. იმ ხალხთან ერთად ვიქნები, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია. სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობისა და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს გამოვიყენებ. ერთადერთი პირობა კი რაც მე ნაციონალურ მოძრაობასთან მაქვს, არის პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში დავასრულოთ. ყველა სხვა შემთხვევაში, პლატფორმას რა სახელიც არ უნდა ერქვას, რომელიც გახლეჩვაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი. ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი”, – წერს ნიკა მელია.