“ჰამასს და პუტინს საერთო აქვთ – მეზობელი დემოკრატიების სრული განადგურება სურთ” | 20.10.2023

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მსგავსად, ჰამასის მოძრაობა და რუსეთის ხელისუფლება ერთ სიბრტყეზე დააყენა. მან განცხადება ამერიკულ ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მანამდე, ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვაში თქვა, რომ ჰამასსაც და რუსეთის პრეზიდენტსაც ვლადიმირ პუტინსაც სურთ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნის განადგურება და შეერთებული შტატები ვალდებულია ეს აღკვეთოს, რადგან ის არის თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსთვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ის ხვალვე გაგზავნის კონგრესში მოთხოვნას მრავალი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებაზე ისრაელისთვის, უკრაინისთვის და აშშ–ს სხვა მოკავშირეებისთვის. ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენი იქნება დახმარების თანხა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ეს იქნება 100 მილიარდი დოლარი. ამ პაკეტის უმეტესი ნაწილი წავა უკრაინასა და ისრაელში, ნაწილი კი ტაივანში და სხვა მოკავშირე ქვეყნებში.

ბაიდენის თქმით, ეს უპრეცედენტო პაკეტი დაეხმარება ისრაელს გაზარდოს თავისი თვისობრივი სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეზე. გარდა ამისა, მისი თქმით კონგრესის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ დახმარება მიიღოს სტაბილურად, პაუზების გარეშე.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში თქვა, რომ ისრაელმა პატივი უნდა სცეს ომის კანონებს და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა; განაცხადა, რომ მხარეებმა არ უნდა თქვან უარი სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოძრაობაზე “ორი სახელმწიფოს“ ფორმულით. იგულისხმება ისრაელი და პალესტინა.