სუს-ის უფროსი ოთარ ფარცხალაძეზე და mona.ge-ზე | 20.10.2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს ექნებათ “შესაბამისი რეაგირება” ვებსაიტ mona.ge-სთან დაკავშირებით. ლილუაშვილმა თქვა, რომ ეს არის “უღირსი პროექტი”, რომელსაც “უღირსი ადამიანები” ახორციელებენ. mona.ge ორი პოლიტიკური პარტიის, “დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების”, ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც “რუსეთის მსახურების” მხილებაა.

პარლამენტში მყოფმა ლილუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძის საკითხზეც. ლილუაშვილის განცხადებით, ყოფილი გენპროკურორის საქმეზე გამოძიება სუს-ში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ლილუაშვილის თქმით, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე უწყებამ ოთარ ფარცხალაძე გამოკითხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტს 2022 წლის ანგარიში გააცნო. ანგარიშის წარდგენა გუშინ პარლამენტში დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. უწყების ხელმძღვანელმა მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა, განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაქსიმალური ძალისხმევა გასწია, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა არაპროგნოზირებადი ეროვნული ინტერესებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესები.