2022 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების განაცხადები წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიშია საუბარი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, დოკუმენტში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს 14 635 მოქალაქემ, 2022 წელს კი 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წელს განცხადებების 7% დაკმაყოფილდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წელს 5% იყო. ასევე 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 3 970 მოქალაქეს ეთქვა, როცა 2021 წელს მათი რიცხვი 3 030 იყო.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 87%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნის შემთხვევებიც. 2021 წელს შენგენის ზონაში უკანონოდ 11 695 ადამიანი იმყოფებოდა; 2022 წელს რაოდენობა 21 910-მდე გაიზარდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთლიანობაში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, თუმცა რიგი საკითხები დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მათ შორის ანგარიშში ნათქვამია, რომ მაღალი დონის კორუფცია კვლავ რჩება გამოწვევად, რომელსაც გავლენა აქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე.