დავა უხამსობაზე – “ოცნებამ” “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო | 19.10.2023

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. „ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრების შესაძლებლობა ჩნდება. ცვლილებებში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მედიის შეზღუდვის მცდელობა დაინახეს.

„ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. სესიაზე დღეს ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, დავით სონღულაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს საკითხი „ოცნებამ“ ევროსაბჭოსთან შეათანხმა, ამიტომ მათი მიზანი არა მედიის შეზღუდვა, არამედ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაა.

სესიაზე განხილვამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელიც ესწრებოდა.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ შედგა და ცვლილებებს მხარი 79-მა დაპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა.