საქართველოს ხელისუფლებისგან თავშეკავებას და პრაგმატიზმს მოველი – ასლან ბჟანია ზელენსკის პასუხობს | 19.10.2023

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან “თავშეკავებასა” და “პრაგმატიზმს” მოელის. საუბარია ზელენსკის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ბჟანიამ ზელენსკის “კავკასიაში კიდევ ერთი სისხლისმღვრელი” ომის მოწყობის სურვილში დასდო ბრალი და თქვა, რომ უკრაინა კონფლიქტის არეალის გაფართოებას ცდილობს, რათა დამატებითი არასტაბილურობა შექმნას რუსეთის გარშემო.

“ეს განცხადებები უკრაინის პრეზიდენტისგან აჩვენებს, რომ ზელენსკისა და მის უკან მდგომ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს, რომ გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა არეალი და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი სარტყელი რუსეთის გარშემო… მე მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს. მე არ ვფიქრობ რომ მათთვის ომი დღეს მომგებიანი იქნება”, – ასლან ბჟანიას განცხადება.