პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილისგან იმპიჩმენტის კენჭისყრაზე დაყენების ზუსტი თარიღი დასახელება ოპოზიციამ მოითხოვა.
პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ხვალ, დღის 12:00 საათიდან დაიწყებს. იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზში ქართული ოცნების პირისპირ თავად პრეზიდენტი წარსდგება და სიტყვითაც გამოვა.
პრეზიდენტმა გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის იმპიჩმენტის პროცედურის დროს სხდომათა დარბაზში იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პარლამენტს იმპიჩმენტის პროცედურისთვის 2 კვირა აქვს, თუმცა ოცნებამ გადაწყვიტა საკითხი ამ კვირაშივე განიხილოს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს პრეზიდეტის გადასაყენებლად ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ. ერთადერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში, ვინც ღიად ამბობს, რომ იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ფრიდონ ინჯიას ჯგუფია, თუმცა ეს ხმები საკმარისი არ არის.