“სალომე ზურაბიშვილი დარჩება კოჭლ იხვად”- საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება “ოცნების” საარგებლოდ | 16.10.2023

6 მომხრე და 3 წინააღმდეგი – საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშივლის მიერ ევროპაში, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პლენუმიდან სამმა მოსამართლემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. თუმცა მათ განსხვავებულ პოზიციას გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად ექვსი ხმა საკმარისია. მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა არიან: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი. იმპიჩმენტის წინააღმდეგ წავიდნენ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა იწრმუნებოდა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეს. ტურავა ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ზეწოლის გარეშეც იციან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

კოჭლი იხვი – ეს შეფასება ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. პარტიის ოფისში გამართლ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშივლს ურჩია დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ზურაბიშვილი სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არა სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, არამედ მმართველი გუნდის დაკვეთას ემსახურება. ოპოზიციის დიდი ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხადაჭერას არ აპირებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში ინაცვლებს და იმპიჩმენტის საკითხს სხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი. ამისთვის პარლამენტს ორკვირიანი ვადა აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, აგროვებს თუ ვერა ხმების საჭირო რაოდენობას ოცნება. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” ავტორობით მომზადებულ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებას 3 დღის განმავლობაში განიხილავდა. მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები – თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.”ქართული ოცნება” პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავებოდა.