თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა | 16.10.2023

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ყოფილმა გამომძიებელმა წარდგენილი ბრალი აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა და გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მანამდე, 29 აპრილს, შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. ამბობდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო. მისი თქმით, საქმე გაყალბდა და ამის დასადასტურებლად, მასთან ერთ-ერთი გამომძიებლის მიერ ბაჩალიაშვილის დაულუქავი ტელეფონის მიტანას ასახელებდა. სწორედ სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებდა, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა. დაკავების შემდეგ, მან სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. 2020 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურა ამტკიებდა, რომ მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.